- რა უცბად გვავიწყდება გუშინდელი დღე!

- რა უცბად დაგვავიწყდა 1978 წლის 14 აპრილიც, ენის, მშობლიურის დასაცავად რომ ფეხზე დავდექით...

რა უცბად გვავიწყდება ქართული...

საშიში ერი ვართ ქართველები! ორ-სამ თაობაში აღარცა ვართ ქართველები, გადაშენებას გზას ვადგებით, ებრაელებივით 26 საუკუნე კი არა, უკვე მეორე თაობაში აღარ ვსაუბრობთ ქართულად...

ადრე თუ ბავშვები დამალობანას თამაშისას ქართულად ითვლიდნენ:

- ერთი, ორი, სამი... ,-

ახლა ნიუ იორკში, ქართული ეკლესიის ეზოში მოთამაშე `ქართველი~ ბავშვები ზუსტად ამ სიტყვებით ითვლიან:

- One, two, three...

ამ ბავშვების მშობლები ვერ ხედავენ რა ხდება ეზოში მაშინ, როცა ეკლესიაში მამულის გადასარჩენად ლოცულობენ...

მე გეტყვით: ისინი ერთმანეთს ინგლისურად უხმობენ: - Nikca, come here!

 

* * *

ამერიკაში მცხოვრებო ქართველო, ვინა ხარ შენ დღეს?

რას წარმოადგენს და რას უნდა წარმოადგენდეს შენი ფუნქცია ამ ქვეყნისთვის, არ გექნება სრულად გაცნობიერებული!

მართალია, სხვადასხვა მიზეზებით აგიშლია კერა შინ და შეკედლებიხარ უცხო სამყაროს, მაგრამ ამერიკას არ უკვირს ემიგრანტები, რომლებიც შემდეგ ამერიკის ისტორიას ჰქმნიდნენ. ძირითადად ასეთ სახელებზეა დაფუძნებული შეერთებული შტატების მთელი წარსული და აწმყო, მომავალიც ასეთ ხალხზეა გათვლილი. ალბათ თავის დროზე კეთილდღეობის ძიებაში აღმოჩნდა ოკეანის გამოღმა ჩარლი ჩაპლინი, ურომლისოდაც დღეს ამერიკული კინოხელოვნების ისტორიას ფასი არ ექნებოდა. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა როგორც შემოქმედებაში, ასევე პირად საუბრებში თავის სემიტურ წარმომავლობას, ეძებდა და პოულობდა საკუთარი ერის წიაღში მარადიულ ღირებულებას, რომელიც შემდეგ კინოხელოვნების, მუსიკის, პლასტიკის, მწერლობის ენით მშვენიერების საკურთხევლიდან აუწყებდა კაცობრიობას ამერიკის სახელით. არაფერს ვამბობ აბრაჰამ ლინკოლნზე, ან თუნდაც გიორგი ბალანჩივაძეზე, ამერიკული ბალეტის მამად წოდებულ ბალანჩინზე.

კარგი იქნება, თუ შენც ამ დიდი ადამიანების მსგავსად შექმნი ამერიკის ახალ ისტორიას არა საკუთრივ შენი ინდივიდუუმის თვითდათრგუნვით, არამედ მისი ეროვნული პოტენციალის წინ წამოწევით. ამისათვის, სანამ შეეთვისები ახალ სამყაროს, საკუთარი თვითმყოფადობა პირველყოვლისა თვითონ უნდა გაისიგრძეგანო, რათა იპოვო მასში ის საჭირო ნერგი, შენს სამშობლოსაც რომ ასახელებს და იმ ქვეყანასაც მოუტანს სარგებელს, რომელშიც დაემკვიდრე ან იბრძვი თვითდამკვიდრებისათვის. სხვა შემთხვევაში, თუ შენი ინდივიდუალობა, მეობა არ წარმოაჩინე მთელის სიცხადით, ნებისმიერი ქვეყნისთვის, თვით შენი სამშობლოსთვისაც მხოლოდ სტატისტიკური რაოდენობა და მოქალაქეობრიობის იურიდიული სტატუსით შემოფარგლული ასიმილირებული ჰაბიტუსი დარჩები.

რომ არ გახდე უსასრულობის მცირე მოლეკულა, ამისთვის საჭიროა დაცვა იმისა, თუ რა გენეტიკური კოდის მატარებელი ხარ. არათუ დაცვა, განმტკიცება და განვითარება, რათა გადაჯიშების მსახვრალმა ხელმა არ დაგძლიოს.

შეერთებული შტატები ზესახელმწიფოა და მის კულტურასა და ეკონომიკას სჭირდება ძლიერი ფესვებით ნაკვები ჰეროვნება, ეს ის, ვინც ახალი ცივილიზაციის საყრდენი და შემოქმედი იქნება. ამას მხოლოდ ეროვნული (პირველადი) კულტურის ენერგიის ულევი საკვებით თუ განახორციელებ და მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებ შემატო უცხო კულტურას რაიმე ღირებული. თუ ამ სიმდიდრეს დაკარგავ რაღაც ქვენაგრძნობებით ნაკარნახევი მიზეზების გამო, ყველასათვის გამოუსადეგარი იქნები - ამერიკისთვისაც და (კონკრეტულ შემთხვევაში) საქართველოსთვისაც. შენი კულტურა უბედო კულტურა იქნება, შენი საყრდენი კი - უმიწო ქალაქი.

კულტურას ვამბობ და მთელ ეროვნულ მენტალიტეტს ვგულისხმობ. ადამიანს კულტურა ეკარგება მაშინ, როცა ივიწყებს მშობლიურ ენას, იმ ენას, რომელ ენაზეც ესიზმრება მას სიზმარი. აქაა უტყუარი საზომი ენის თვისობრივი განსაკუთრებულობისა. ეს ჩემი მოგონილი არაა, ეს საუკუნეებითგან მოტანილი ქართული სიბრძნეა და ზოგად-ეროვნული ფორმულაა საკაცობრიო მნიშვნელობით.

ისმის ახალი კითხვა - გაძლებს ამერიკა უშენოდ და შენ უამერიკოდ?

უდავოა ერთი - ამერიკა გაძლებს უშენოდ, ხოლო შენ?

აი, სად ირღვევა ბალანსი პიროვნებასა და საზოგადოებას შორის. თუ შენ მოცემული საზოგადოების სრულფასოვან წევრად თვლი თავს, ისევე ვერ უნდა ძლებდეს ამერიკა უშენოდ, როგორც შენ უამერიკოდ. ამისათვის კი საჭიროა იქცე პირველყოვლისა განუმეორებლად. სწორედ ეს განუმეორებლობაა შენი კულტურა, რომელსაც გაძლევს ენა, მისი ფილოსოფია, ისტორია და თანამედროვეობა. მხოლოდ შენი ენა და კულტურული მემკვიდრება გაქცევს განუმეორებლად, იმიტომ, რომ დედამიწის ზურგზე ვერ იპოვი სხვას მსგავსი თვისებებით დაჯილდოებულ ლინგვისტურ ერთეულს...

ჩვენ საკუთარი ანბანის პატრონი ერი ვართ, ესეც დიდი და მდიდარი მემკვიდრეობაა, თვით ამ ანბანში რა საოცარი საიდუმლო კოდებია დაფიქსირებული, ვინ მოთვლის. ამ ენათმეცნიერულ  სიბრძნეს საბოლოოდ ახალი ცივილიზაციის მოთხოვნებით შეხედავ, გაიაზრებ, აითვისებ და შემდეგ სხვასაც გაუზიარებ.

ვიღაცა მეტყვის - ქართული ენით ამერიკაში ვის დაველაპარაკო ან ვის მოვაწონო თავიო, ეს ენა ხომ მცირერიცხოვანი ერის ურთიერთშორის საკომუნიკაციო საშუალებააო. პირველყოვლისა მშობლიური ენის ცოდნა და თვითგანმტკიცება, სამშობლოს  სიყვარული, საკუთარი თავის ამოცნობისა და შინაგანი პოტენციალის პოვნის საუკეთესო საშუალებაა. ეს კი გააიოლებს უცხო სამყაროში ადაპტაციას, რამეთუ ღმერთმა ეს სამყარო შექმნა ყველასათვის თანაბრად. ამიტომ ქვეყნიერებაზე ადამიანთა (მათ შორის ქართველთა) დამკვიდრება ღვთიურ ნებას სრულიადაც არ ეწინააღმდეგება, არც ის ეწინააღმდეგება ღვთიურ ნებას საკუთარი ენის სადარაჯოზე იდგე ყველგან, სადაც კი იქნები.

ამიტომაც დაყო ენები უფალმა, რომ დედამიწაზე ადამიანთა მოდგმის მრავალფეროვნება სუფევდეს. მათ შორის ერთ-ერთი უძველესია ქართული ენაც.

სიყვარული - საკუთარი ერის, ენის, მამულის - მარტო ლიტონი სიტყვები არ უნდა იყოს, ეს მხოლოდ შინაგანი რწმენით ნასაზრდოები აუცილებელი მოთხოვნილება უნდა იყოს. ყოველივე ამის დავიწყება და მითუმეტეს მომავალ თაობათა დაკარგვა, ეს დანაშაულია პირველყოვლისა ღვთის, შემდეგ სამშობლოს და ბოლოს შთამომავლობის წინაშე. მართალია, ეს დანაშაული არ წარმოადგენს სისხლისსამართლებლივ, სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ ან რაიმე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაგრამ იგი გაცილებით მძიმეა და თავის მხრივ უმძიმეს და გამოუსწორებელ შედეგებს ატარებს თან. ამრუდებს მომავალი თაობის შეგნებასა და შემეცნებას, თვითონ პიროვნება ემსგავსება აკაკის იმ ღამურას, რომელიც აღარც თაგვებში წერია და აღარც ჩიტებში. მართალია, ქართულ ენაზე არ საუბრობენ კონტინენტიდან კონტინენტამდე, მაგრამ რაგინდ მცირერიცხოვანი ხალხის საკუთრება იყოს ენა, ის იძლევა საშუალებას თავისი ღვთიური სიმდიდრით მოგცეს უამრავი სულიერი სიმდიდრე.

რომელ გადამთიელს არ სურდა ჩვენთვის გადაევიწყებინა ჩვენი მშობლიური ენა, რა ხრიკებს არ მიმართავდნენ, მაგრამ ყოველთვის მედგარ წინააღმდეგობას ვუწევდით მტერს. ახლა კი, როცა ჩვენს ენას გაქრობის არანაირი საფრთხე არ ემუქრება (გარეგნულად მაინც), რაღა დაგვმართნია, რომ ასე უდიერად ვეპყრობით საკუთარ საუნჯეს?!

უცხოეთში წასულებმა უკეთეს შემთხვევაში შვილებს აღარ ვასწავლეთ `ხმათა ხავერდების და ღმერთების~ ენა, აღარაფერს ვამბობ მასზე, რომ თანდათანობით თავადაც დავცილდით მშობლიურობის სამეტყველო სივრცეს.

ენა მატერიალური დოვლათი არაა, სკივრში რომ შეინახო და რამდენი ხანიც გინდა, ხელუხლებლად ამყოფო და გახსნისას იგივე დაგხვდეს, რაც ჩადევი. ენა - ცოცხალი ორგანიზმია, ის კვდება უმოძრაოდ, გაუვარჯიშებლად. საზღვარგარეთ წასულს არა გვაქვს საკუთარი მამული, სარწმუნოება, ენაღა დაგვრჩენია საკუთარ მამულთან უხილავ ძაფებად დამაკავშირებელი და თუ ისიც ამოიღე შენგან და შენი შვილ-მომავლისაგან, მაშინ რაღა პატრიოტობაზე გვექნება საუბარი... როგორც ზემოთ ავღნიშნე, დარჩები მხოლოდ ზესახელმწიფოს სტატისტიკურ რაოდენობად, თუ ამადაც არა.

ამერიკაში ბევრ ქართველს უმოღვაწია და უცხოვრია, და ბევრსაც დაუტოვებია შტატების ისტორიაში სანაქებო სახელი. ამ მოწინავეს დასტურად მოვიყვან ერთ ფრიად საინტერესო ისტორიულ ფაქტს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის კინოხელოვნებაში ვესტერნულ ჟანრს. საუბარია ვაილდ-ვესტის მხედრებზე. ესენი იყვნენ გურული ცხენოსნები, რომლებიც ბედის საძებრად ამერიკაში წამოვიდნენ.

მე-19 საუკუნეში ფოთის ნავსადგურში ხშირად დგებოდა ამერიკული გემები, რომლის მეზღვაურები ნაპირზე ჩამოდიოდნენ. გურია-სამეგრელოს სოფლებში ნახავდნენ ისინი თვალწარმტაც სანახაობას - მარულას, ანუ დოღს. შეკრიბეს ეს ცხენოსნები ამერიკელებმა, აღუთქვეს შტატებში მოეწყოთ შოუ-წარმოდგენები. მართლაც, მსურველი ბევრი აღმოჩნდა, მითუმეტეს ეკონიმიკური სიდუხჭირეც აძლევდათ ქართველ ყმაწვილებს ხელს ახალ სამყაროში ეძებნათ ბედი. წავიდნენ და თან წაიღეს თავიანთი ოსტატობა ახალ და მათთვის უცხო კონტინენტზე. ზოგი გამდიდრდა და როგორც ახლა, ამერიკიდან თავთავიანთ ოჯახებს ეხმარებოდნენ, ზოგმა ფული დააგროვა და უკან დაბრუნდა. ლანჩხუთში მათი ხსოვნის საპატივცემულოდ გახსნილია მუზეუმი, სადაც დაცულია ფოტო-მასალა, მემორიალური ნივთები და სხვ.

იმხანად ახლადგანვითარებადმა კინოინდუსტრიამ საკმაოდ სარფიანად დაადგა თვალი ვაილდ-ვესტის მხედრებს, გააწვრთნევინეს მსახიობები, ან სადუბლიორო როლებზე (ე.წ. ტრიუკებზე) მათ იწვევდნენ. დიახ, სწორედ პირველ ვესტერნულ კინოფილმებში (XX საუკუნის დასაწყისში) აღბეჭდილია ქართველი `კენტავრების~ ხელოვნება.

უნდა ითქვას მათდა სასახელოდ, რომ ქართული ენა, ადათი არ დავიწყნიათ ოკეანით დაცილებულ კონტინენტზე, ცდილობდნენ, სურდათ, წყუროდათ სამშობლო, მისი ცხოველი ჟინით იკვებებოდნენ, და რაგინდ ბევრთათვის უცხო არ უნდა იყოს, მათი წყალობით კინოხელოვნებამ შეიძინა ერთ-ერთი საინტერესო, პლასტიურად დახვეწილი ჟანრი. უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრმა მათგანმა ინგლისური ენა სულაც არ იცოდა, საუკეთესოდ ახერხებდნენ ქართული ენით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარებას.

მე არც იმას ვამბობ, რომ სხვა უცხო ენა არ უნდა ვიცოდეთ. პირიქით, რამდენადაც მეტ ენას დავეუფლებით, მით უფრო კარგი და საამაყო იქნება, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ენებს მაინც უცხო ენები ჰქვია, და არა მშობლიური!

არც სიზმარი გვესიზმრება უცხო ენაზე!


.

 
   
movie downloads. play games