ვიცი, არ დამიჯერებთ, მაგრამ მე მაინც მინდა გითხრათ:

- ჩემთვის იმ დღეს არავის  "ცხელოდა" ვაშინგტონში...

არც ჩემი სტუმარი კოლეგისათვის, რომელმაც შილერის სამშობლო გადმოლახა და ამერიკაში ჩამოფრინდა, საშობაოდ პენსილვანია ავენიუზე რომ გაესეირნა.

Cristmas in Washington“- იმდენად განთქმული დღესასწაულია, იმდენად გართულნი არიან მისი აღნიშვნით, რომ წარმოიდგინეთ, ჩემთვისაც ვერ მოიცალეს.

ხუმრობა იქით იყოს და, კარგა გვარიანად ციოდა იქ...

ყოველ სტუმრობაზე ვაშინგტონში რაღაც უცნაური განცდა მეუფლება: მანქანას ქუჩაში ვტოვებ და სულ ფეხით ვურბენ მთლად ვაშინგტონს.

მე მიყვარს ვაშინგტონი... არ გავს ბინძურ და ცივ, ინტერნაციონალურ ნიუ-იორკს, არც ირმებითა და პოლიციელებით ჩასაფრებულ ნიუ ჯერსის, იგი უფრო ჩემს ქალაქს მაგონებს, ან კიდევ თბილისს, ლესელიძის ქუჩას, ერეკლეს მოედანს, ქვაფენილიან ტროტუარებს და... კუს ტბას...

ხელოვნური თუ ბუნებრივი ტბებით მდიდარია ეს `ჩემი~ ვაშინგტონი. სადაც ტბაა, იქ ხეივანიცაა, სადაც ხეივანია, იქ ძელსკამიც, სადაც ძელსკამია, იქ ვარ მეც!

- და სადაც მე ვარ, იქ ხარ შენც, ჩემო ძვირფასო მკითხველო!

* * *

ჩასვლისთანავე თეთრი სახლისაკენ მივეშურები, მაინტერესებს, თუ ისევ ისეთი თეთრია, როგორიც უკანასკნელი სტუმრობისას იყო.

გამოჩნდა კიდეც... ამოვისუნთქე, ისევ თეთრი იყო, თოვლივით ქათქათა, განათებული და საშობაოდ მოკაზმული ზუსტად ისეთი გვირ-გვინებით, ჩვენ რომ პანაშვიდებზე მივართმევდით ხოლმე მიცვალებულებს. ეს იყო, რომ ახლა შავი ბაფთის ნაცვლად წითელი ბაფთა ემოსა, ხოლო "დაგტირით კოლექტივის" ნაცვლად "შეასონს გრეეტინგს".

ისე, თუ დაფიქრებულხართ, რა ოსტატურადაა გამოგონებული "Seasons greetings" და არა "Merry Christmass".

ამ ბოლო წარწერას უკვე იშვიათად შეხვდებით ამერიკაში, დააკვირდებოდით კიდეც, რომ წელს Macy-ის ქსელში `Merry Christmass~ არსად ეწერა, ყველგან ის წარწერა იყო, რომელშიც ვერ გაარჩევდით რას გვილოცავდნენ, - ახალ წელს, შობას, ხანუკას თუ გაზეთ `მამულის~ ორი წლის იუბილეს.

* * *

სიტყვა გამიგრძელდა, იმას გეუბნებოდით, რომ სახლი ისევ თეთრი იყო, ვიფიქრე, არსად გამექცევა-თქო, და პირველად ახალგახსნილი მეორე მსოფლიო ომის მემორიალისაკენ გავეშურე. ეს მემორიალი სულ რამოდენიმე თვის წინ, გიორგობისთვეში გაიხსნა და ლინკოლნ მემორიალის პირდაპირ მდებარეობს.

წინა ვიზიტისას, როცა `ფანქრიდან~ (ასე ეძახიან ვაშინგტონ მემორიალს) დაბლა ვიჭყიტებოდი, თვალი მოვკარი, რომ გრძელი შადრევანის დასაწყისში რაღაც მშენებლობა მიმდინარეობდა. მაშინ მითხრეს, რომ რეი ჩარლზის მემორიალი კეთდებაო. მესიამოვნა, ჯერაც არ გაცივებულა ცხონებული და უკვე მემორიალსაც უგებენ-მეთქი. გულში გავიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთი ძეგლი იქნებოდა, რომელსაც ამერიკა ხარკად გასცემდა იმ ბრალდებების უარსაყოფად, რაც ხშირად რასიზმისა და საერთოდ შავკანიანების მიმართ ისმის...

მცდარი აღმოჩნდა მაშინდელი ინფორმაცია... როცა CNN პირდაპირ ეთერში ამ მემორიალის გახსნის ცერემონიას აჩვენებდა, მივხვდი რომ მაშინ ვიღაცამ შეცდომაში შემიყვანა... უხეშად რომ ვთქვა, მომატყუა...

მემორიალი წრის ფორმის კედლებია, ცივი ფილებით და გვირგვინებით (მხოლოდ აქ ვხდებით გვირგვინებს გამართლებულად, რადგან იგი ფრონტზე დაღუპულთა ხსოვ-ნისადმია მიძღვნილი). თითოეულ ფილას შტატის სახელი აწერია, ხოლო მემორიალის ცენტრში შადრევანია, მის კედელზე 4 ათასი ოქროსფერი ხუთქიმიანი ვარსკვლავია მიჭედებული, თითოეული 100 დაღუპულ მებრძოლს გამოხატავს, და მთლიანობაში 400 ათასს, ასე ზუსტად დამრგვალებულ ციფრს ქმნის, შტატებმა რომ დაკარგა ფრონტის ხაზზე.

კედლის ნაპირებზე ამერიკის პრეზიდენტების გამონათქვამებია ამოტვიფრული. ვერსად შეხვდები სიტყვას ამ ომის მნიშვნელობის, თუნდაც დაღუპულთა იმ 9 მილიონიანი დანაკლისის შესახებ, რომელშიც ჩემს პატარა ქვეყანასაც კარგა გვარიანი წილი უდევს.

მეორე მსოფლიო ომი ჩემში გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გამოცხადებულ ომად ასოცირდება, არადა, ჩემი ისტორიის მასწავლებელს არ უსწავლებია ჩემთვის, თუ რა შუაში იყო ამ ომში ან ამერიკა, ან იაპონია, ან ინგლისი, ან ის მატყუარა, `მოღალატე~ საფრანგეთი. ამაში მარტო ჩემს მასწავლებელს ვერ დავადანაშაულებ, წიგნში არ ეწერა ამის შესახებ, სიზმრადაც არ დაესიზმრებოდა და აბა როგორ მასწავლიდა?

ეს ომი უფრო სხვა დროს სასაუბრო თემაა, მე ის მაღელვებს, რომ ვერც ამ მემორიალით ვეტყვით შთამომავლობას, თუ ვისი გამარჯვებით გასრულდა ეს ომი.

მემორიალის დათვალიერების შემდეგ ფეხით ლინკოლნ მემორიალისაკენ მივეშურები. რაც უფრო მოკლე მანძილი გგონია, მით უფრო გრძელდება გზა...

იმ `ბოხოლა~ სვეტებში არც კი ჩანს ლინკოლნი, გეგონება თითქოს `დამალობანასაც~ გეთამაშება, ხან მუხლისთავს გიჩვენებს, ხან კიდე ხელის გასაოცრად დიდ მტევანს. `ნამეტნავად უაზროდ~ დაგეგმარებულია ეს მემორიალი. შორიდან მხოლოდ ნაგებობა ჩანს, ის ძეგლი კი არამც და არამც... წარმოიდგინეთ, ბერძენიშვილის ხელთუქმნელი ძეგლი, დავით აღმაშენებელი რომ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დაგვედგა, ეგრეთწოდებულ `ანდროპოვის ყურებს~ შორის, როგორი სანახავი იქნებოდა... კიდევ კარგი, ასეთი რამ დიდ დავითს მართლა არ ვაკადრეთ, ყოვლისშემძლე, უამრავ ომთა გადამტანი, არ წამოვასკუპეთ, არ მივმალეთ ჩრდილში, ამ მადლიანი წვიმისა და სპეტაკი თოვლის გარეშე, მწველი მზის სხივის მადლის შეუგრძნობლად...

მე მესმის, ლინკოლნი რომ ნახო, უნდა ეახლო, მაგრამ ისიც ხომ უნდა დავინახოთ, რომ იგი ერთი ოთახის თუ დარბაზის ექსპონატი უფროა, ვიდრე მთლად ქალაქის მშვენება თუ პასპორტი, რომელსაც მადლიანი `ქართლის დედის~ მსგავსად ქალაქის ყველა კუნჭულიდან დაინახავ.

ასე აფასებენ პრეზიდენტებს, ერთს გადახურულში მალავენ, მეორეს საპატივცემულოდ კი უზარმაზარ `ფანქარს~ აშენებენ, ფანქარს, რომელიც შენს შეგრძნებაში აუცილებლად დიდ კითხვის ნიშანს დასვამს:

- სად ფანქარი და სად ვაშინგტონი?..

ვაშინგტონის `ფანქარი~ რემონტში იყო, მასში მოხვედრა ამჟამად ვერ მოვახერხე, ამიტომაც ამ წერილში მასზე ნაკლებად ვისაუბროთ...

* * *

მე ახლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლაბირინთებში ვარ, ყველა ფაკულტეტს თავისი ქუჩა თუ კორპუსი რომ აქვს. მე მედიის ფაკულტეტს ვეძებ, CNN-ის ერთ-ერთ გადაცემაზე, ჩროსსფირე-ზე მაქვს დასასწრები ბილეთი.

ჩემს პირდაპირ, კორპუსის ეზოში ძეგლი დგას (ვაშინგტონის სხვა ძეგლებისგან განსხვავებით, ამჯერად უცხენოდ). ძეგლს რაც უფრო ვუახლოვდები, მით უფრო მეცნობა სახე. ღმერთო ჩემო, რა ნაცნობი სახეა.. ჩვენი პუშკინი? არა! პუშკინს აქ რა უნდა? - გული კითხვითვე მპასუხობს.

მე არ ვიცი, რატომ შეცდა ჩემი გული, მაგრამ ახლოს მისულმა თავისუფლად ამოვიკითხე, რომ ძეგლზე პუშკინი იყო.

გალაკტიონის ქვეყნის შვილმა, `პუშკინის დიდი რუსეთის~ შვილობაც კი ვაღიარე, `ჩემიანი~ რომ ვნახე ვაშინგტონში.

უცაბედად, კარგად დავიწყებული ეს ლექსი გავიხსენე, სიტყვები ვუპოვე, თავში აღვადგინე და გულში წავიკითხე:

Я Вас любил:

любовь еще, быть может,

В душе моей угасла не совсем ;

Но пусть она вас больше не тревожет ;

Я не хочу печалить вас ничем.

Я вас любил безмолвно безнадежно.

То робостью, то ревностью томим ;

Я вас любил так искренно, так нежно,

Как дай вам Бог любимой быть другим.

წავიკითხე და დავასკვენი, პუშკინი კი არ მომკვდარა, დღეს დაიბადა ჩემში...

* * *

საერთოდ ასეა, როცა უცხო ქალაქში ხარ, ათვლის წერტილს იღებ და მის ირგვლივ ტრიალებ.

ასეა ვაშინგტონშიც, ჩემი ათვლის წერტილი თეთრი სახლია. ხოდა იქით მივეშურები მეც!

ოი, საოცრებავ! თვალი თეთრი სახლისაკენ გამექცა და რა დავინახე?!

ვიცი არ დამიჯერებთ, მაგრამ ფოტო-აპარატით გადაღებულ ამ სურათს მაინც დაუჯერეთ:

- თეთრი სახლის წინ მენორა დაუდგამთ!

დიახ! დიახ! მენორა, ებრაული დღესასწაულის - ხანუკას სანთლები.

თუ სწორად მახსოვს, ხანუკა ებრაელების დღესასწაულია, 25 ქისლევს (დეკემბერს) იწყება და 8 დღე გრძელდება. `ხან~ - ნიშნავს დასვენებას, `კა~ - ოცდახუთს, სიტყვა-სიტყვით `25-ში დასვენებას~. მეტიც მახსენდება, დეკემბრის 25-ში ებრაელებმა გაიმარჯვეს ბერძნებზე, რომელთაც მათი სულიერი განადგურება უნდოდათ. ისინი უკრძალავდნენ იმის გაკეთებას, რაც ყველაზე წმინდად მიაჩნდათ - შაბათის შენახვას, თორის სწავლას და ბრითმილას. ებრაელთა შორის აღმოჩნდა ყველაზე მტკიცე ადამიანი - კოენი მატეტი ანგუ, რომელმაც სძლია ბერძნების წინააღმდეგობას და 25 დეკემბერს პირველმა გაანათა მენორა.

კაციც ეგ ყოფილა... ისე მაგრად გაანათა, რომ აგერ, ვაშინგტონშიც კი ანათებს!

მე ჩემი გულისტკივილი მაწუხებს...

და ეჭვიც...

და აზრიც რომ არ ვთქვა, ალბათ შევიშლები...

არამც და არამც იფიქროთ რაიმე საწინააღმდეგო მაქვს მენორაზე ვაშინგტონში.. უამრავი ებრაელი მეგობარი მყავს, აქაც და საქართველოშიც, მეც იმ ერთთაგანი ვიყავი, თვალცრემლიანმა რომ გააცილა ისრაელში უნიჭიერესი გერმანისტი მალხაზ სეფიაშვილი, უმცროს მეგობარს მეძახის დღესაც ჩემი კოლეგა და მეცნიერი ვიოლეტა ბუზიაშვილი, ყოველთვის ღიაა ჩემთვის ჩვენი საყვარელი ხელოვნებათმცოდნისა და ჟურნალისტის ოთარ სეფიაშვილის სახლის კარი, მისი მეუღლე ქალბატონი სიგალი საგანგებოდ ჩემთვის იმერულ ხაჭაპურს აცხობს, და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო...

რა მინდოდა ამით მეთქვა? ალბათ ის, რომ ქართველებს ებრაელებთან თითით მისათითებელი, 26-საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. და ეს მეგობრობა რომ ნაღდი არ ყოფილიყო, 26 საუკუნე ნამდვილად ვერ შეინარჩუნებდა დღესაც შესაშურ სიმტკიცეს.

დღეს ყველაზე მეტად მათ მშვიდობა ჭირდებათ საკუთარ ქვეყანაში, და ეს მშვიდობა მინდა ვუსურვო!

სათქმელი და გასაკვირი კი მაინც უნდა ვთქვა...

ქვეყანა, ამერიკაზე ვამბობ, რომელიც მსოფლიოში, და არა მარტო მსოფლიოში, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყოდი, დედამიწაზე პოლიტიკურ ამინდს ქმნის და ლიდერის როლში გვევლინება, ასე არ უნდა ემხრობოდეს ერთ ერსა თუ რელიგიას... თანაც იმის ფონზე, რომ პალესტინელებიც ცხოვრობენ ამერიკაში. და თუკი მაინც დადგამენ მენორას, რომელზეც საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს, ნუ დაივიწყებენ სხვა ერებს, რელიგიებს, პალესტინელებსაც ექნებათ საკუთარი დღესასწაული, ქართველებსაც და აზერბაიჯანელებსაც... მე შენ გეტყვი და ვერ შევედრებით სხვა ერებს...

ის მართლა არ მინდა ვიფიქრო, რომ ერთგვარ ხარკისცემას აქვს ადგილი, მარტო ერთი ერისა თუ სჯულის პატივისცემა (იმის ფონზე, რომ სხვა სჯულის ქვეყნებისადმი ფარული ბრძოლები გაქვს) იმას მახსენებს, ზოგ დედას რომ ერთი შვილი გამორჩეულად უყვარს, და დანარჩენი `ისე რად~...

მაგნაირ დედას მე ვერ ვუწონებ დედობას!

ალბათ იმიტომ, რომ ჩემს დედინაცვალსაც (შევკრთი ამ სიტყვის ხსენებაზე) არ გავურჩევივართ საკუთარი შვილისაგან.

ახლა მეტყვით, ნაბოლარა ან პირველი შვილი გამორჩეულად საყვარელიაო. არ ვიკამათოთ! 3500-წლიანი ქუთაისის ფონზე არამგონია ბევრმა დაიკვეხნოს ხნოვანებით, მარტო ჭადრები დგას საქართველოში ზუსტად იმ ხნის, რამდენისაც კოლუმბის თუ ვესტბუჩის აღმოჩენილი ქვეყანაა!

* * *

ამერიკა მე არასოდეს დამიჯერებს! გაისადაც `ააღვაჟღაჟებს~ მენორას! მე ის მაწუხებს, რომ ჩემი ჩიჩილაკი მინდა ვაშინგტონში!

... ხიდან გამოჩორკნილი, ბურბუშელა ხე, საოცრად ქართული, და მარტო ქართული!

ის ვიცი, მატეტი ანგუმ რა გაუკეთა თავის ერს, მაგრამ მე ისიც მახსოვს, რაც აღმაშენებელმა, თამარმა, ბრწყინვალემ ან თუნდაც სააკაძემ შეძლო... ერად დაგვტოვა... ან კიდევ ქეთევან წამებულმა, მოწამე ძმებმა დავითმა და კონსტანტინემ... ქრისტიანებად რომ დაგვტოვეს...

ისაა, რომ ჩვენით ამაყობა, ჩვენი წარსულის ფასი არ ვიცით, გლახები ვართ...

თორე, მართლა რომ ვქართველობდეთ, თეთრი სახლის წინ კი არა, ჩინეთის დიდი კედლის შესასვლელში დავდგამდი ჩიჩილაკს...

მე ჩემი ჩიჩილაკი მინდოდა ვაშინგტონში!


.

movie downloads. play games