*დაწვრილებით ამ თემის შესახებ წაიკითხეთ

"მამულის" 2006 წლის 23-ე ნომერში

ერის ფუნქცია მარადისობის საკურთხეველთან

ისტორიას უყვარს რაინდები და გმირები, მათი არსებობით არის ლამაზი თვით ისტორია, იგი უწყობს ხელს გმირისა და რაინდის წარმოშობას როგორც რეალურ ხილვად ქმნილებას და როგორც ხელოვნურად კონკრეტული მომენტისათვის წარმოშობილს, ან სულაც საპნის ოპერასავით ათასნაირ ქრობადი ფერუმზოლით შეკოწიწებულ-შელამაზებულს. მას დრო არ ქმნის, მას ეპოქა ქმნის და თავისი იდეოლოგიური წინსართ-ბოლოსართებით (დროს მოაქვს ეპოქა, ეპოქას კი საარსებოდ სჭირდება თავისი იდეოლოგიის შესაფერისი ზნეობრივი მაგალითი, რომლითაც გამყარებული იქნება ეპოქა დროში). ცხოვრებას აზრი მაშინ აქვს, როდესაც გმირის, მეფის, წმინდანის ცხოვრებით ექსტაზირებული (ზოგ შემთხვევაში ეგზალტირებული) ერი (ზოგ შემთხვევაში - ბრბო) თავისი ბუნებრივი მონაცემებით ეროვნულ ენერგიაში ერთიანი მუხტით იკვრება და უმაგალითო, ეპოქალური მნიშვნელობის ძვრები ხდება.

გმირის შექმნით ერი ღმერთს ეძებს, - ისეთს, როგორიც თვით გმირია. ამით იკითხება ამა თუ იმ ეპოქაში ერის ზნეობრიობა. მთავარია ამ ძიებაში არ დამახინჯდეს ღმერთი, რადგან არ დაიშალოს ერის სული.

სული სამშობლოს უსაზღვრო შეგრძნებაა, უკიდურეს შემთხვევაში ნოსტალგიას რომ წარმოშობს დაუოკებელსა და სულის შემხუთველს.

საიდან იწყება სამშობლო, სიყვარული რომ ჭირდება?!

ალბათ რიონის ქვენა დინების სისწრაფიდან, მტკვრის დარბაისლური დუდუნიდან, ენგურისა და თერგის თავაწყვეტილი თავდავიწყებიდან, მზის სხივები ერთმანეთთან თამაშში რომ ბრჭყვიალებენ და ასარკებენ წყლის ზედაპირს, თან ქვების ქვიურ გულს რომ ათბობენ; იქნებ სვანური კოშკის კენწეროდან სიმაღლეების აღმაფრენით აღტაცებული და ჯიხვის რქაში ჩაწურული ქართული სისხლის მომუშაკებიდან - ლოცვა რომაა სადღეგრძელოში ჩამოძერწილი და ენამჭევრით გადმოცემული, სვეტიცხოვლის საძირკველში წმიდა სიდონიას მკლავებში განსვენებული ჩვენთვის წილად რგუნებული მაცხოვრის კვართიდან (სამშობლო რომაა სწორედ მაცხოვრის მისტიური სამარე... და ჩვენ ოდითგან ტკბილ იესოში ვეძებთ სამშობლოს და სამშობლოში ტკბილ იესოს, თუ ეს ურთიერთშერწყმა დაირღვა, ერი დაკარგავს მსოფლიო ფუნქციას და მას დაეშლება სული), ხელისგულივით პატარა, მაგრამ უკიდეგანო სიყვარულიდან,  ტიციანი რომ იტყოდა: `ნეტა სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი, სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი~.

გმირი და რაინდიო, - წეღან ვახსენე. წმიდა გიორგი ქართველი ერის ისტორიის მთელ რიგ ეპოქათა გმირთა გმირია, იგი ჩვენი სამშობლოს სულიერ მოძღვრად და სიმბოლოდ იქცა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოდგმას ბუნებრივად უჩნდება მოთხოვნილება გმირისა და წმინდანის მარადიული სახების წვდომისა, რათა ამ გზით ეზიაროს ღმერთს და მოიპოვოს ღვთის კურთხევა, სულიერი განწმენდა და თვითგადარჩენა.

პრომეთე-ამირანიც კი ერმა მითოლოგიური სიბრძნის იდუმალების საბურველით შემოსა და ალეგორიული მეტყველების ნიუანსები შესძინა და გარდასახა გონიერი ერის აქტიურ ძალად. ხოლო ნაცარქექია ზღაპარი არაა, იგი მთელი ეპოქაა მხოლოდ ქართველი ერის კუთვნილი და ანალოგი არ  მოეპოვება საკაცობრიო ცივილიზაციაში (ნაცარს რომ ქექავს დღენიადაგ, აქაოდა, საკვამურს კვამლი არ ჩაქრეს, რადგან კვამლი სათვალავია კომლში სიცოცხლისო).

და მაინც, ყველა ერს უდგება თავისი არსებობის მანძილზე თავისი ბედისწერა - ფუნქციის დაკარგვის საშიშროება. ნაციის სიძლიერე დამოკიდებულია იმასზე, თუ როგორ გაუმკლავდება საკუთარ ბედისწერას. საქართველომ, მისმა მმართველმა კლასმა მე-19 საუკუნეში დაკარგა მისსია, საკაცობრიო მისსია, იგი ამოვარდა მსოფლიო განვითარების ორბიტიდან, ხალხი იქცა ლუარსაბებად, - კაცებად, რომელნიც ზედაპირულად არანაირ ცოდვას არ სჩადიან - დადიან წირვა-ლოცვებზე, არ მრუშობენ და ა.შ. სინამდვილეში კი ქვეყნის მმართველი ელიტა და არისტოკრა-ტია მოიცვა მცონარებამ. დაჟანგდა ხრმალი, ფუნქცია დაეკარგა ცხენს, ბრძოლასთან რომ იგივდებოდა, წესრიგში შემოიჭრა ერისთვის უცხო და მიუღებელი ნიუანსები - სალდაფონიზმი, თავის სრულმომცველობით. აისახა კიდეც მსოფლიო კულტურის საგანძურში ეს `ფეხებზემკიდიობა~ და რუსეთუმეობა. ფიროსმანის ტილოებზე განუწყვეტელი სმა-ქეიფებია, განუწყვეტელი ზარხოში, განუწყვეტელი ბოჰემა. ფეხებზე მოვიკიდეთ ერის სრული სიდუხჭირე და ღვინოში ვახრჩობდით დარდსა და ბოღმას. ღვინოში დაიხრჩო თვით ფიროსმანი და გალაკტიონი. სამშობლოს შეგრძნება თანდათანობით ლამაზი და მწარე სიზმრად გადაიქცა. თვითდინებამ მსოფლიო კატასტროფამდე მიგვიყვანა. რევოლუცია ზოგიერთი ერისკაცისთვის საფრთხობელა იყო, ზოგისთვისაც საფრთხე. და წამოვიდა სინამდვილის ყოფიერებაში ათასი ანტიგმირი...

 

შენ არ ჭირდები საქართველოს!

ჩვენ როგორც ადრე, ისე ახლაც ვცოდავთ. მაგრამ გენეტიკურად შემოგვრჩა ისეთი ძლიერი თვითგადარჩენის ინსტიქტი, რომ ვერანაირი ათასი შაჰ-აბასები, თემურ-ლენგები, ლენინ-სტალინები და ხრუშჩოვ-სოროსები ვერასოდეს მოგვერევა. ეს ინსტიქტი ღრმად ჩაჯდა ერის ფსიქიკაში და ღრმად რომ დააკვირდე, გასაოცარი და შემაძრწუნებული ულმობელობა და ცინიზმი იხატება ჩვენს მსოფლჭვრეტაში. ეს ზუსტად დააფიქსირა ილიამაც და მოგვიანებით მსოფლიოს აუწყა ფიროსმანმა. თავ-დაპირველად გულისტკივილით აღიქვამდნენ ერის მამები ამ ჩვენს თვისებას, შემდეგ კი იგი სამშობლოს მძლავრ იარაღად იქცა ყველა მომხვდურის წინაშე. ეს არის სწორედ ინდიფერენტულობა. აი, მკვეთრი მაგალითები - ჩამოვიდა პუშკინი, ვასვით, ვაჭამეთ, დავბანეთ... გვლანძღა და გვთათხა, ჩვენ კი ფეხებზე დავიკიდეთ თვით პუშკინი და გავაგრძელეთ ჩვენი დარდიმანდული ყოფა. ასე გაგრძელდა ლერმონტოვთანაც, ტოლსტოისთანაც და სხვა მრავალ რუს კორიფეებთან მიმართებაშიც. ეს თვისება საუკუნეების განმავლობაში გამოიბრძმედა და დღეს არათუ გულის მოსვლა და წყენაა ინფორმაციულ ომებში, ფეხებზე გვკიდია მავანთა და მავანთა შეხედულებები ჩვენზე. უფრო მეტიც, თვითგადარჩენისთვის, საკუთარი თავიც გვკიდია ფეხებზე, რათა ამ ულმობელ დროში არ გავითელოთ და არ გადაგვყლაპოს დაუზოგავად უხეშმა და გაუთვალისწინებელმა მსოფლიო ახალმა წესრიგმა და საკაცობრიო მოვლენებმა. რაღაც მომენტში ფეხებზე დავიკიდეთ აფხაზეთი, რადგან გვგონია, რომ ვერ დავიბრუნებთ და არ გვინდა შევაკვდეთ ამ უაზრო ომს.

ამდენად, ამ ყველაფრის ფონზე, ყალბად ჟღერს ჟურნალისტ თინიკო ჩითინაშვილის წერილის სათაურად წამოსროლილი დანანება ვიღაც მარიკა გორელაშვილის მიმართ, რომელიც თავბრუდამხვევ წარმატებებში ადამიანის სახეს კარგავს (ეს ინტერვიუ გერმანიაში გამომავალ ჟურნალში `ქართული~ დაიბეჭდა და მისი წაკითხვა `მამულის~ მკითხველებს ჩვენი გაზეთის მე-13, თარს გვერდზე შეუძლიათ).

და რაა ისეთი წარმატებები, რომლისთვისაც ის არ უნდა დაიკარგოს საქართველოსთვის?!

სავსებით არაფერი!

არც ერთი ტური, ოლიმპიადა, საჩუქრები და სტიპენდიები არ ღირს იმ ფასად, ადამიანი (მაპატიეთ, და) ღორად იქცეს და ეს თვრამეტი წლის ასაკში.

საქართველოში რომ წაიკითხონ მისი ეს ინტერვიუ, მერწმუნეთ, მას ერთი მეგობარიც აღარ დარჩება. შესაძლებელია საქართველოზე მოგონებებში დაიტოვოს ბიძა, ბებია და მამა-პაპისეული სახლი, თუ ეს უკანასკნელიც სჭირდება მას, რადგან ღორს სამშობლო არ გააჩნია, იგი გერმანიაშიც იზრდება, ამერიკაშიც და სადაც გაგეხარდება. უფრო მეტად კი იქაურობას ეტანებიან, სადაც ბევრი სალაფავია.

საქართველოში იზრდებიან ბავშვები, კიდეც უჭირთ და კიდეც ულხინთ. სწავლობენ და არანაკლებ და იქნებ უკეთესადაც ამ Hitleugend-ზე. ცხოვრებაში მეტი წარმატებები ექნებათ და იცით რატომ? იმიტომ, რომ ისინი სამშობლოს გამოადგებიან.

ჩვენ ფსიქოთერაპევტები არ გვჭირდება!

ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ და ჩვენს გულისტკივილს, უკანასკნელ კუთხე-კუნჭულამდე მოძღვარს ვაბარებთ აღსარებაში. ჩვენ ღმერთთან მოლაპარაკე ხალხი ვართ და არა მომავალ ფსიქოთერაპევტ მარიკა გორელაშვილთან. ეს უფრო დიდი საქმეა და ღირსეული.

ჩვენ წითელი ჯვარი გავაძევეთ საქართველოდან, თავსაც ნუ შეიწუხებს იგი ამ ეგიდითა და მისსიით საქართველოში სამოღვაწეოდ. ჩვენი რჩევაა - კარგად ისწავლოს მან ფიზიკა და მათემატიკა, გაიმარჯვოს ტურებსა და ოლიმპიადებზე, აიღოს ბევრი, ბევრზე ბევრი ფული, უნდა ამერიკაში იცხოვროს, უნდა იმის იქით.

ეს კი უნდა იცოდეს, რომ იგი საქართველოს არაფერში არ სჭირდება! დასაკარგი კი არა, თითქოს არც ყოფილა.

ასეა ეს!

საქართველოდან ბევრი მიდიოდა სასწავლებლად უცხო ქვეყნებში. ბევრი უკან ბრუნდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყვნენ და თავიანთი ცოდნა-გამოცდილება მოხმარებოდა სამშობლოს. ეს ხალხი დიდი ხალხი იყვნენ და დიდი სახელი დატოვეს ისტორიაში, მათი ფრჩხილის ღირსიც რომ არ არის ფიზიკა-მათემატიკოს-ფსიქოთერაპევტი. მათი ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს და სირცხვილი იქნება ამ უსახო სახის გვერდით დაყენება.

მას საქართველომ ყველაფერი მისცა - სწავლა, განათლება, აღიარება, საჩუქარიც (მართალია ხარისხით ნაკლები, ვიდრე ათასევროიანი კომპიუტერი) და ვერაფრით ვერ დავადანაშაულებ საქართველოს, აი, ესა და ეს კაცი არ აღიარეთ და იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ქვეყანაო. ამის თქმის უფლება მას არა აქვს. ფულის ღორულმა წყურვილმა და ამპარტავნებამ დაატოვებინა თავისი ყოფილი სამშობლო ("ყოფილი" ცოლი გამიგია, მაგრამ სამშობლოს გამოცვლა?!) იმიტომ, რომ სამშობლოს არ გააჩნდა მისთვის შესაფერისი ჯიბე.

ერთის მოღალატე სხვასაც უღალატებს. ეს მის მომავალ მიზანშიც აისახა, როცა იწინასწარმეტყველა, ამერიკაში მხოლოდ პროფესორად მივდივარო.

 

და ბოლოს...

დღეს რომ ყოფილიყო საქართველო ნიკოფსიითგან დარუბანდამდის... მაინტერესებს, რა პოზიციებზე დადგებოდა მარიკა გორელაშვილი?!

რომ ყოფილიყო ძველებურად მძლავრი საგანმანათლებლო ცენტრები საქართველოში, სად წავიდოდა ნეტავ?!

რომ ჰქონოდა ივერთა-მიწას ისეთი დოვლათი და სიუხვე, რაც თამარის დროს იყო და არ გვქონოდა გამხდარი საოცნებოდ და იდეალად `დრო დავითის და თამარის~, ვისთან იმეგობრებდა იგი ნეტავ?!

მაშინ, დარწმუნებული ვარ, ღორის ფსიქიკიდან გამომდინარე მჯიღებს დაიცემდა გულზე და საქართველოს დღეგრძელობაში გაათენ-დააღამებდა, როგორც ფუქსავატი დემაგოგი. არადა, თუ სამშობლოს შეგრძნებას არა აქვს გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობა, მაშინ ანალოგიურად რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, ვინ მისცემს მას ათასევროიან კომპიუტერს თუ ორდღიან კალკულატორს - გერმანელი, ამერიკელი თუ ქართველი, პეტრე, პავლე თუ ივანე. მისთვის მთავარია ამ შემთხვევაში საჩუქრის ღირებულება და მას შეაქებს, ვინც უკეთეს საჩუქარს მისცემს. აი, ესაა ღორობა! ამ საქციელმა წამომაცდევინა ჩემი ბაგედან ადამიანისათვის ყოვლად უღირსო სიტყვა.

ამიტომ არაფრად მიღირს მისი ტურები და ოლიმპიადები (სხვათაშორის, ეს ტურები და ოლიმპიადები დღემდე საბჭოური მეთოდიკითა და პათოსით მიმდინარეობს);

ამიტომ არაფრად მიღირს მისი სტიპენდიები და საჩუქრები...

ამიტომ არაფრად მიღირს მისი განსწავლულობა ფიზიკაში, მათემატი-კაში თუ ფსიქოთერაპიაში.

რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მისი ტვინის უჯრედი რამდენიმე ხაზით უფრო მეტად თუ ნაკლებად იქნება დაღარული. ეს მხოლოდ მას გამოადგება, მეტს არავის. ვერც ამერიკაში იპოვის იგი საკუთარ თავს, რადგან თვით ამერიკაში თავსაყრელად არიან პროფესორები და ფსიქოთერაპევტები მასზე გაცილებით უკეთესები და განათლებულები. იგი ამერიკას ახალს ვერაფერს შესთავაზებს და ამიტომ უხერხული არის ჟურნალისტის მხრიდან ასეთი რემარკების გაკეთება იმის მიმართ, რომელიც საფუძველშივე განწირულია კატასტროფისთვის. მას ისე მოუვა, როგორც ღამურას - არც ფრინველებში რომ არ სწერია და არც თაგვებში.

ამ დღეებში საქართველოს მიწას დაუბრუნდა სამოცდათხუთმეტი წლის წინ ბედისწერის ძალით უცხოეთში გადახვეწილი დიდი ქართველი პატრიოტის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვლები. და მერწმუნეთ, ამ დღეებში ივერია როგორც არასდროს, ისეთი ძლიერი და მამაცი იყო, როცა მამულიშვილს სამოცდათხუთმეტი წლის წინ დაგუბებული ცრემლით ეგებებოდა მამული. ჟღერდა `შავლეგო~ და უკვე ახლაც, ამდენი ხნის შემდეგ მთელს ერს ჟრუანტელი უვლიდა ტანში.

აბა მოსულიყო და მოვიდეს ყველა გადამთიელი ერთად აღებული ჩვენი სამშობლოს ასაოხრებლად... ჩვენ აღარა ვართ ის ქართველები, დამარცხებას რომ შევუშინდებით!

აი, ვინ აკეთებს დიდ საქმეს ჩვენს ქვეყანაში - მიცვალებულის ძვლები, და არა უსახო სახის ცოცხალი ლეში, რომლის სახელსა და გვარს არც არასოდეს გაიხსენებენ. ის კი არადა, არც ეცოდინებათ, რადგან საქართველოში მას ბიძის და ბებიის მეტი არავინ ელოდება.

იქნებ არც ისინი?!


.