თავს იმით ”ვიმშვიდებ”, რომ დაწერილი შავით თეთრზე არ გამართლდა. მე, როგორც ასინეთას კომიტეტის სულ პაწაწკინტელა ასინეთას ნება მიბოძეს მეჭორავა ლუარსაბ თათქარიძის პირად არქივში. არქივი უჩვეულოა უჩვეულოთა შორის უჩვეულოთათვის, რათა მხოლოდ მათ ჰქონდეთ საშუალება შიგ შეღწევისა და გამოღწევისა, თუ ჭკუით მოიქცევიან რა თქმა უნდა.

ჭკუით, რამეთუ დიდთა უჭირთ მაღლების მაამებელი ქმედობა და ამიტომ ისინი ხელით ვერ შეხებიან ლუარსაბისეულ ისტორიულ დოკუმენტებს. ეს არქივი ეროვნული ზნეობის, კულტურისა და ტრადიციების გადამდუღებელი საამქროა ერთი დიდი მსოფლიოს მასონურ-კოსმოპოლიტურ ქარხანაში. ეს ცეცხლოვანი კუპრი გამოიარა ყველამ ჩვენთაგანმა, უკლებლივ ყველამ, - ვინ ნაკლებად გადაადნეს, ვინ მეტად, ვინ გადახარშეს, ვინ უფრო გააძლიერეს და განამტკიცეს. ეს ქარხანა მარად არსებობდა და იარსებებს, ზოგს კი ეგონა ერთი შენობის დანგრევით ქარხანაც დაინგრაო. ეხლა ლუარსაბს მივხედოთ, ქარხანაზე კი სხვა დროისთვის იყოს...

ბევრი მოარული და ერთიც წერილობითი ლეგენდა დამხვდა არქივში ლუარსაბის სიკვდილზე. რომელს ვენდო, არ ვიცი, არადა ყველა თანაბრად სარწმუნოა. მე შენ შემოგცქერი, ერო ჩემო, და თან შემოგთავაზებ ერთი უცნობი ავტორის მოგონების ფრაგმენტს, რომელშიც მოთხრობილია ლუარსაბის დაქვრივების შემდეგდროინდელ პერიოდზე. მასში ნათქვამია: `დავიწყოთ იმით, თუ სად ტოვებს ლუარსაბის მეისტორიე გამოუსწორებელ ხარვეზებს. ის ამბობს: `თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა. ორი სიამოვნებაღა დარჩა ამ ტრიალ ქვეყანაზე: ერთი მადა; მეორე ისა, რომ ლამაზისეული ფეხთ უჯდა ხოლმე, როცა ძილს დააპირებდა ბატონი, ფეხის გულზე და კანჭებზე ხელს უსვამდა და აძინებდა~ და რაღა ბევრი გავაგრძელო, ახალი აბზაციდან გვახარებს: `მოკვდა ლუარსაბი ისე, როგორც იხოცებიან ბევრი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რამეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ~. ერთი შეხედვით მეისტორიე არ სტყუის, - ამქვეყნიურ თავდავიწყებათაგან თავადს დარჩა მადა და შემდეგ... (მთელი რთული წინადადება) ერთი ხანი მართლაც  განიცდიდა მეუღლის გარდაცვალებას, მაგრამ ხომ გაგიგონიათ დრო ყველაფრის მკურნალიაო: აქეთ ლამაზისეული ამოუდგა ჭირსა შიგან, იქით სოფლის ჭორები ართობდა და გამოჰყავდა საჩვენოსაკენ საბრალო ქვრივი. ასეთი პატივისცემის ნიშნად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თავის დამწუხრებულ ყურადღებას ჭარბად უთმობდა ლამაზისეულს. უმადური ხომ არ იყო აბა?! არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ მოტყუებით დააქორწინეს იგი დარეჯანზე. ლუარსაბი გონებაჩლუნგი არ გეგონოთ, ლუარსაბს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად ახსოვს, აკვნის ბალღობისდროინდელი ამბების გარდა. მოვა დრო და აზღვევინებს ყველას ამ მუხთლობას. მწყენინებელს თუ არა, ვინმეს. ხომ გაგიგონიათ: მხედარმა ცხენს ვერა უყო რა და უნაგირი დაამტვრიაო. დრო დადგა, - მსხვერპლიც საგანგებოდ შეარჩია, არავინ დახმარებია ისე. ამჯერად მსხვერპლად დარეჯანი გამოდგა. თითქო მართლდება ჭორიკანა ქალების მონაჩმახი, ლუარსაბმა რაღაც ბნელი ძალების წყალობით თავიდან მოიცილა დარეჯანიო. არ მგონია ჩვენი საყვარელი კნიაზი მაგის კაცი ყოფილიყო. დღეს ისეთი დრო დადგა, საკუთარ შვილსაც არ ენდობა კაცი, არათუ ლუარსაბს. ისე კი კაი კაცი იყო ცხონებული. რაღა მე, ჟანდარმერიამ იკვლიოს დარეჯანის ბურუსით მოსილი სიკვდილი.

უქალობა რომ ძვალ-რბილში გაუჯდა ნეტარხსენებულს, ჩვენში დარჩეს და ულამაზო სილამაზისაგან ჩახშობილი ყმაწვილური სისხლი რომ გაათმაგებულად აუდუღდა, უშვილობის საფრთხე რომ მიაწვა ქონიანს მკერდზედ, მაშინ მოხდა მოსახდენი...

...და სწორედ იმ ღამეს მისი შინაყმა ქალწული ჩვეულ საქმეს რომ აკეთებდა, უთხრა ლუარსაბმა მას: `გულზეც გადამისვი ხელიო~, თავად კი მოიმძინარა თავი და ფოცხვერივით შეიკრა სუნთქვა სამსხვერპლოს მოლოდინში. უკანასკნელი კი აუღელვებლად მიეხალა ბატონის მკერდს. უცებ დასტაცა კნიაზმა ხელი თავის ფეხიფხანიას, შეათრია საწოლში... რაღა ბევრი გავაგრძელო და გაბახა. ბევრი ეცადა დასხლტენოდა იგი ლუარსაბის კოტიტა თითებისა და ბალნიანი მკლავების მარწუხებს, მაგრამ რას გახდებოდა, თავწაგდებული ქათამივით ამაოდ აფართხალებდა ფეხებს. სულ `უიმე, ქა!.. უიმე, ქა!~-ს ძახილში ჩააბარა მოძალადეს სათუთად შენახული ქალწულობა. ამ ფაქტს ბევრი ყმა-გლეხის ჩვენებაც ადასტურებს.

მართალია, თავადს ვიღაც გომბიოს გულისთვის არ ეკადრებოდა სახელის გატეხვა, მაგრამ ახალგაზრდობაში მზითევზე და ლამაზ საცოლეზე გულაცრუებული, ლამაზისეულზეც ყაბულს დარჩა. ესეც იფიქრა: სულ არ ყოლას, ისევ გლეხისგან მეყოლოსო, - და არ უგდია არავის ჭორებზე ყური, დავითისა და ელისაბედის გულის გასახეთქად გვარიც მისცა და მემკვიდრეობაც თავის ნაბუშარს. ახალშობილის ნათლობა რომ გადაიხადეს, აი, მაშინ:

`ფერიცვალების დღეს რაღაც ეშმაკად ნათლიმამამ ნახევარი ლიტრი კალმახი მიართვა. ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაბარდა პატრონს~.

სინამდვილე თუ გინდათ, ესაა...~ - აი კრიტიკური რეალიზმიც ამას ჰქვია.

და გამრავლდა ასე ლუარსაბის ნაშიერი ქართულ მიწაზე. გამრავლდა და სადაც კი ფეხი მიუწვდა, ყველგან ამოძირკვა და დედა-ბუდიანად გადააგვარა ქართული გენი. გვეგონა, თითქო ეს უწყინარი ლუარსაბი ისე მოეფარებოდა ჩვენს თვალსაწიერს, როგორც ყოფილა ოდით, როგორადაც ილიას უნდოდა წასულიყო იგი. მაგრამ ნურას უკაცრავად, ჯეროვნად, ვერ შევაფასეთ თავს დატეხილი ჭირი. მართალია, მეისტორიეს თავის ნაწარმოებში არ უხსენებია ძის დაბადება, მაგრამ მისმა ლექსმა `ბედნიერი ერი~ ქართველთ თათქარიძეთა ჯიშის არგადაშენება `ახარა~.

სწორედ ლუარსაბის შვილმომავალმა გაუღო კარი ევროპიდან თუ აზიიდან შემოსულ ყველანაირ ურჯულოებას რევოლუციებით და მსგავსთა მისთა უტიფრობით შობილთ. სწორედ ძე ლუარსაბისამ შვა ყვარყვარე თუთაბერები და მანქურთები იბერიულ არეალში - ეს არაქართული ზნედაცემული ფენომენები, რომელთა ლტოლვასაც ჩვენი სინამდვილისაკენ აკავებდა მხოლოდ XIX საუკუნის II ნახევრამდელი ქართული ყოფაცხოვრება, ეს კი იყო ბრძოლა ერის ერად გადარჩენისათვის, რომ დაადეს ტაბუ კარდუს შეგნებას და რუსულ ყაიდაზე გადაჰყავდათ ეს უძველესი იაფეტური რასის დაუშრეტელი ვულკანი, ნოეს კიდობანივით წარღვნის შემდეგ კავკასიონზე შერჩენილი.

ზოგმა ამბოხებაში ჩაახშო თავისი გულისწყრომა. რის შედეგადაც ციმბირის ტრამალებს შეაზიარეს.

ზოგმა კი ლუარსაბი შვა. ესეც არ კმაროდა და ლუარსაბმა ძე შეცდომილი თვისი შვა: ძალით-ძლიერი, გონით-ჭკვიერი, გუილტ-ღრძო და ცბიერი, სულით-სატანისა და მამისმიერი.

ძეშეცდომილმა შეირთო  ქალი - არაქართველი, არათავადი, არახნიერი, არამახინჯი, არალამაზი, არაუბიწო, უეროვნებო, არც პროლეტარი, არც ჩინოვნიკი, უსახოს სახე ჩვეულებრივი. ქალი კი იყო, ვინაც შეირთეს, არც ტუჩი აკლდა და არცა კბილი (თვლით ჩაიბარა საქმრომ ტუჩ-კბილი), ფერიც ჰქონდა და ხორცმაც შეივსო... შეივსო და შვენისო, - ამბობდნენ ქალები.

ხოლო ვიდრემდე ევროპაში ჯარისკაცულ-თავხედური სითამამით დათარეშობდა ჰალუცინაციური იდეების არარსებული აჩრდილი, ძეშეცდომილის სამოყვრო იდგა ამ უმსგავსობათა სადარაჯოზე. არც ერთი მათგანი არ გამოუტოვებიათ, ბასტილიით დაწყებული, დამთავრებული პარიზის კომუნით, მაგრამ ყველაზე დიდი უმსგავსოება კი ის იყო, რომ საჯალათეთა ჩახშობის შემდეგ ისინი სადამსჯელო ორგიებს ემსახურებოდნენ, ან განაგებდნენ. ხელი რომ მოეცარა დასავლეთში ამ დემონურ შეთქმულებათა სიბილწეს, მამამთავრებმა და მამათმავლებმა რევოლუციათა თავი შეაფარეს, ან უფრო სწორად, გადმოინაცვლეს იქ, სადაც ყველაზე მეტი სიმძაფრით უნდა დაექუხათ, უნდა თავისი ცეცხლოვანი ფრთები გაეშალათ. ძე შეცდომილის თანამოსაყრდემაც არ დააყოვნა: სახლიდან გაგდებული, ლუკმის საშოვრად სანაგვეში მძრომი, ათასი ჯურის ხვადზე სხეულმიცემულ ძუკნასავით აედევნა იგი ამ პირქუშ ემიგრაციას. სხვა მხრივ არ დაედგომოდა ძველ სადგომში. ახლის ძიება დაიწყო, ბედი მას, რომ იპოვა... ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეაღწია ლუარსაბის გენეტიკაში...

და შვა ბერ თუთის ძირში ყვარყვარე და მისცეს გვარი შობის ადგილისა - თუთაბერი. ჩვენ აქ არაფერს ვიტყვით ახალშობილის გმირობათა ეპოპეაზე (უჩვენოდაც კარგად მოახერხეს იგი), მხოლოდ ორიოდ სიტყვით შევყოვნდებით მისი ბიოგრაფიის ტაბუირებულ ფურცლებზე.

მემკვიდრეობად მან მიიღო ყველა ის ღირსება, რითაც იყო განთქმული მისი დიდი წინაპრები და მშობლები, რაც შესაშური გულმოდგინებით აღასრულა და შთამომავალთ დაუტოვა. შთამომავალი კი მისი იყო ბიგვად წოდებული გვადი - საბჭოთა ადამიანის ტიპიური სახე, უსახო სახის დასრულებული კლასიკური მოდელი. შამურზაყანო-სადადიანოში დატოვებულმა თესლმა შვა იგი, ხოლო გვადის ხუთისაგან ერთისამ კი კვიცლანჩა - ორი კაცის ფუძე გადანერგილი მესამეში. ეს ფუძეები კი ძალიან პოპულარულია ქვეყნის თავის მოვალეობის შემსრულებლის მწერთა დახლის საამქროს მოვალეობის შემსრულებელში.

ვინა თქვა, რომ ლუარსაბ თათქარიძეს შთამომავალი არ დარჩენიაო, თქვას და ამტკიცოს უკუვერსიები მან, ვისაც თავი არ მობეზრებია. ისევ ცოცხლობს ქართველთა გულგასაგმირად ლუარსაბის ძეშთამომავალი!

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძე-შეცდომილს ერთი უხეიროდ ნაშობიც ჰყავდა. მთელი დედ-მამისეული გენების უდიდესი ნაწილი ყვარყვარემ და შვილობამან მისმან რომ მიირთვა, ამ ახლადნაშობს მემკვიდრეობად მხოლოდ ოინბაზობა დარჩა - ერთი ერთთაგანი, რომლითაც ირჩენდა თავს, ცოლ-შვილსაც არჩენდა და მოგვიანებით მზითევშიც გაატანა შვილს თავისი დედა-ბებიასეული `ქონება~, შვილმან შემდეგ შვილს გადააბარა და ა.შ.

რომ მოშივდებოდა, ოინბაზობდა ისედაც უხეიროდ ნაშობი, ამიტომ `ოინბაშია~ შეარქვეს. მაგრამ მოვიდა დრო - სიცივემ, შიმშილმა, უსახლკარობამ, ნიკოლოზას ომები დაემატა, თავისი რომ თქვეს: სადღაც მიყრუებული ქვეყნის, ქალაქის, დაბის და სოფლის, მიყრუებული ქუჩის, შუკის თუ ორღობის სანაგვეში თუ ტალახში ჩაძინებოდა სამარადჟამოდ შთამომავალს ლუარსაბისას.

”ოინბაშიას” ვაჟიც დარჩა.

და დარჩა ”ოინბაშიას” შვილი უსახელო, უთვისტომო, უილაჯო, უოჯახო, ურჯულო, უდო, უძმო, მაგრამ რაც მთავარია ჯერ კიდევ უბიწო.. ამასობაში შემოვიდნენ ბოლშევიკები, `ნახეს უცხო მოყმე~ და უწოდეს უსახელო პროლეტარი. უწოდეს და შეიშნო, შეიშნო და აღზევდა, რადგან ის მართლაც პროლეტარს განასახიერებდა, ისინი კი პროლეტარების ხელისუფლება იყვნენ. ჩაჭვრიტეს მარქსისებრთა ოჯახის იმფუზორიების კოდექსებს და მართლაც დადასტურდა ოინბაშიაშვილის არაფრისმქონეობა, რამეთუ პროლეტარს არაფერი ეკარგება (წიგნში საბოტაჟნიკებსა და მავნებლებს შეცდომა დაუშვიათ: `ეკარგება~-ს ნაცვლად `ეკადრება~ ჩაუწერიათ) თავისი ბორკილების გარდაო. ოინბაშიაშვილს კი რა ჰქონდა დასაკარგი, რაც არაფერი გააჩნდა ბორკილების ჩათვლით.

ახალი ხელისუფლების სირცხვილი იყო პროლეტარის გაუნათლებლობა: ჯერ წერა-კითხვა ასწავლეს (ლუარსაბის შთამომავალი და წერა-კითხვა სასაცილოა, მაგრამ აიძულეს, პროლეტარს თავის მომჭრელები არ ჭირდებაო), შემდეგ პროლეტ-კულტელებს გადააბარეს. იქ კითხეს, რა ხელობა იციო. მანაც არ დააყოვნა და უპასუხა, ოინბაზობაო, მამითადი ხელობაა-ო, დასძინა. გამოადგათ, აღლაბუცეს მანამ, სანამ კისერიც არ მოიტეხა.

ერთხელ რაღაც უბედურებად `თეთრ დუქანთან~ ცისფერი ყანწების ტრიალს შეესწრო. იმდენი იღლაბუცა, იმდენი, სანამ ისეთი ალიყური არ მიიღო შეურაცხყოფილთაგან, რომ მარქსისებრთა ოჯახის ულვაშ-წვეროსანთა ტიპები ქუჩის მხვეტავები - დვორნიკები არ ეგონა ფიროსმანის ნახატიდან გადმოსული. შემდეგ ბოლშევიკებმაც მოუთავეს ხელი. კანცელარიულმა კიტელ-ჰალსტუხიანმა და ცილინდრიანმა ვირთხებმა ამოჩიჩქნეს და დაადგინეს, რომ უსახელო პროლეტარი სრულებითაც არ იყო პროლეტარი ბორკილების უქონლობის გამო. გადაათვალიერეს ტიპები და რა ნახეს: `პროლეტარს არაფერი ეკადრება (ისევ საბოტაჟნიკებისა და მავნებლების მახეს წამოკრეს ფეხი) თავის ბორკილების გარდაო~,- თვალნათლივ წაიკითხეს. ესე იგი, ჩვენ არ უნდა მოგვეხსნა მისთვის ბორკილებიო - იყო მკაცრი დასკვნა.

”არა, ამხანაგებო, ოინბაზი და ჯამბაზი კი არა, ჯაშუშიაო”,- წამოიძახა ერთ-ერთმა ამხანაგთაგანმა კულისებიდან. ესეც საკმარისი იყო და ამით გაათავეს.

მაგრამ ოინბაშიაშვილთა საქმე ცუდად

აღარ წასულა: გვარი გაგრძელდა და ამ გვარმა შვა ბავშვი.

და იყო იგი სახელოვანი ყველასათვის და ყველგან...

და სახელი მისი განაპირობა ზღაპარმა ბავშვობაში მოსმენილმა მშობელთაგან. ზღაპარი იყო ესე:

იყო და აღარ ყოფილა რა, ქვეყნად დევზე უკეთესი რა იქნებოდა?! იყო ბიჭი, გახდა კაცი - დევი ჩვენი მწყალობელი.

იყო ერთი ბიჭი. მას სლავიკა ერქვა. გაიზარდა ბიჭი სლავიკა და გახდა კაცი. შეირთო ქალი. მას სლავიეტა ერქვა. შეეძინათ ტყუპად შვილები. ამასობაში სლავიკას მონღოლები შემოესივნენ. აწამეს, სისხლი წოვეს, ცოლ-შვილიანად გაბახეს. გაბრაზდა კაცი და იქცა დევად. შავი დღე აყარა მონღოლებს, მასთან ერთად შვილებსაც, ვეღარ მოზომა და მიტომ. ვერ მოზომა მიტომ რომ დევად ქცეულიყო... და შეეზარდა იმ ერთს ორი თავი შვილებისა და გახდა იგი სამთავიანი: ერთი თავი ძლიერი, მსხვილ-კისრიანი და კუნთოვანი, დანარჩენი კი დაბედშავებული და უსასო.

დევს ბევრი ჭამა უყვარდა, რომ ჭამდა, სივდებოდა და თავის ტყავში ვეღარ ეტეოდა. იმ დანარჩენ ორ თავსაც ეშველა და კისრები გაუმაგრდათ. ამასობაში წამოიჩიტნენ ახალი პატარ-პატარა თავები, ზოგი უდღეური აღმოჩნდა და შეახმა ტანზე, შემხმარი თავები მეჭეჭებად ქცეულიყვნენ, ეშვებიც ამოუვიდა სულ მალე. რომ მოშივდებოდა, ნერწყვის მაგიერ სისხლი წვეთავდა პირიდან და რამე რომ არ ეჭამა, გაგიჟდებოდა ალბათ. ამ ქვეყნის ღერბი ორთავიანი ღორი იყო ქვედა კიდურებზე არწივის ბრჭყალებით სამეფო ატრიბუტების თანხლებით. დათვს ჰგავდა ტანით და ღორს სიფათით, ხალხმა კი " მედვედი" უწოდა... ღორისა და დათვისაგან განსხვავებით თხუთმეტი ძუძუ ჰქონდა~.

ზღაპარი არ მთავრდებოდა.

ბავშვმა დევი დევად ვერ შეიცნო და ერთხელ აღფრთოვანებულს აღმოხდა: "დევს სამი თავიც რომ დარჩეს, ერთი ჩემი იქნებაო". გარემომაც დაუდასტურა ამ დაუსჯელისა და დაუმარცხებლის ძლევამოსილება, ძვალსა და რბილში გაუჯდა დევის მითიურ-მოჩვენებითი კეთილშობილება. გახდა თამამი, მოურიდებელი, პირქუში, რასად დევის ენაზე `აქტივისტი ეწოდებოდა. შეამჩნიეს მაღლებმა ეს წამოჩიტული ბარტყი. თავზე უსვამდნენ ხელს, კარგი ბიჭი ხარო, შემდეგ ტაშს უკრავდნენ. ფრთები შეესხა ბიჭს, ცაში დაიწყო ფრენა და დაფრინავდა მანამ, სანამ არ დაიღლებოდა, - წვიმაში თუ ქარში, დარში თუ ავდარში, თოვლში თუ ხვატში, დღითა თუ ღამით, საჭირო იყო თუ არ იყო საჭირო. დაფრინავდა  იმისთვის, რომ დაენახათ დაბლებს თუ მაღლებს მისი არსებობა და აქტიურობა. ზოგმა დაინახა, ზოგმა არა.

დამნახავმა დაინახა და მაღლა აიტაცა ღრუბლებისკენ, ჩამოაცვა ფერად-ფერადი სათვალეები. სათვალეებში ლამაზი გამოჩნდა ქვეყანა. დადიოდა ნაძალადევი სერიოზულობით, ინგლისელი ჯელტმენის კალკირებით ვიდოდა ქვეყნად, რამაც ახალ ფაზაში შეიყვანა წინაპართა ხელობა. უსაშველო ხვატშიც კი ოფლში იღვრებოდა და კოსტიუმს არ იხდიდა, ეტიკეტს არ არღვევდა და მიტომ. თუ იყო მხიარული, იცინოდა ისევ და ისევ ნაძალადევად, თითქო მის სახეზე ნიღბადქცეული ღიმი ამას ამბობდა: `შემხედე, მე ვიცინი, მნახეთ როგორ მიხარიაო~ - თუ არადა ჰქონდა მედიდური გამომეტყველება, როგორც ლუარსაბს ბიჭების დაწიოკებისას.

მაგრამ მეგობართა გონების რაღაც კუნჭულში, რომლის მიღმაც დავიწყების წყვდიადი იწყებოდა, ინახებოდა იგი - ალალი, გულღია, კეთილშობილი, მოსიყვარულე, მეოცნებე, ახსოვთ მისი თავისუფალი, ყოვლისგან შეუბოჭავი სიცილი, გულუხვობა, სისადავე, ახსოვთ კი უფრო ჯმუხი, ენატანია, გულგოროზი, თითქოს ამხანაგი, მაგრამ საქმეში წინწაწეული ან წინწასაწევი დაუნდობელი, დევზე შეყვარებული, ყველასი ზემოდან დამყურე. ასე მიდიოდა მაღლა, მაღლა და მაღლა. შეუყვარდა სიმაღლე, გახდა მასზე უფრო მაღლების მაამებელი, დაბლების დამწიოკებელი და საერთოდ მოძულე ყველანაირი დაბლობისა.

...და იქცა მონად სიმაღლისად თვისისა თუ სხვისისა;

...და იყო ეს ჭეშმარიტი ტრაგედია მისი;

...და იყო ნარცისი სასაცილოდ გამომეტყველებული;

...და გახდა მის ქვეშევდომთა სალაქუცეთი, მაგრამ ისევ ზურგს უკან მათ მიერვე დაშნაჩაცემული;

...და იყო უტყვი ამ მუხლობათა მიმართ, რამეთუ არა ძალუძდა ხმა აღემაღლებინა მათ უზნეობათა წინააღმდეგ, ეშინოდა, რამეთუ მისთვის უმთავრესი იყო სკამი, რომელზეც იჯდა;

...და იყო იგი ამის გამო უბედური და უმოქმედო;

...და სახელად რქმეოდა სამშიერთ;

...და გვარი მისი ოინბაშიაშვილი – ძე-ძისა უსახელო პროლეტარისა, ძისა ძე-შეცდომილისა, ძისა-ლუარსაბისა, გვარად თათქარიძისა; სამშიერთ, რომელი არს მუსტარიბის შემსრულებელი ქვეყნის თავის მოვალეობის შემსრულებელში.

მაშ, ვინა თქვა, რომ ლუარსაბ თათქარიძეს შთამომავალი არ დარჩენიაო?!


.