დედას ვუყვარვართ შვილები,

დედა არ გვახსოვს შვილებსა,

ამიტომ წუთისოფელი

სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

 

მე არ მახსოვხარ, დედა!

დედის, მანანა კილაძის ხსოვნას

 

არც ჩემს ტყუპისცალებს, დაბადებიდან რამოდენიმე საათში ჩემთან ერთად დაობლებულ ანზორისა და ავთანდილს ახსოვხარ.

ჩვენს დაბადებას შენი 20 წლის სიცოცხლე შეეწირა... ერთი სიცოცხლის საფასურად 3 ახალი სიცოცხლე დაბადე...

გადმოცემიდან ვიცი, რომ იმ დროისათვის აჭრელებული პრესა 20 წლის გმირ დედას გიწოდებდა, 4 ბიჭის  დედას.

მიშიკო მაშინ წელიწადნახევრის იყო, ჩვენ ერთი დღისანი...

მამამ სახელები ტყუპებს ისე შეგვირჩია, რომ საწყისი ასო-ბგერებიდან შენი სახელი, მანანა, მიგვეღო:

მან-უჩარი, ან-ზორი, ა-ვთანდილი...

ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, მე შენზე უფროსი ვარ (რატომღაც შევკრთი „შენობით“ მომართვაზე), თითქმის 24 წლის, შენ კი ისევ 20 წლის სტუდენტი...

შენი არსებობა ჩვენ გვიან გავიგეთ.

ნამდვილად არ ვიცი, რას ვფიქრობდი, როცა მამას ერთნაირ ტანისამოსში „გამოწკიპულები“ სასაფლაოზე დავყავდით.

ახლად წერა-კითხვა ნასწავლებმა, როცა საფლავის ქვაზე, შენს სურათთან, ჩვენი სახელების გასწვრივ „დაგტირით საყვარელო დედა“ ამოვიკითხეთ, ვერ გავითავისეთ, რომ ჩვენი დედა გარდაცვლილი იყო. „ძნელი იყო ამის გათავისება და შეუძლებელიც იმ უდიდესი სითბოს ფონზე, რასაც ჩვენი მეორე დედა - მანანა შარაბიძე გვაძლევდა.

ვიცი, გაგებით მოეკიდები, როცა შეიტყობ, რომ მას ჩვენ „დედას, დედიკოს“ ვეძახით...

ალბათ, იმიტომ, რომ მისი უდიდესი შრომისა და სითბოს გამო ჩვენ უშენობა არ გვიგრძნია. ეს მხოლოდ მაშინ გვახსენდებოდა, როცა შენს საფლავზე მოვდიოდით ან სკოლის კლუბში, ფილმ „სხვისი შვილების“ ჩვენებისას ერთი ამხანაგი უტაქტოდ შემეკითხებოდა:

- შენც ხომ გყავს დედინაცვალი?

ახლა, როცა თავთან მარტო დავრჩი, ჩემი ოჯახიდან, შენი განსასვენარიდან შორს, მივხვდი, რომ უბედნიერესი ქალი და დედა ხარ:

- იმიტომ, რომ ღვთის წყალობით შენი შვილები ჯანმრთელნი და საღ-სალამათნი არიან...

- და მეორე, ისინი არ არიან „სხვისი შვილები“, მათ შენს მაგივრობას შენი მოსახელე, მეტად ღვთისნიერი ადამიანი უწევს.

და როცა ბედის წიგნში ჩაწერილ დროს იგი თქვენს ზეციურ საუფლოში გადმოსახლდება, გთხოვ კარგად მიიღე და ხელზეც ეამბორე, მადლობა უთხარი, რომ მისი შვილებიც ვიყავით. ღამეებს ათენებდა ჩვენს აღზრდაში, გამთენიისხანამდე გვამეცადინებდა სათითაოდ, და მაშინ დაისვენებდა, როცა დარწმუნდებოდა, რომ წიგნი მაგიდაზე კი არა, უკვე ჩვენს თავში იდო.

გვიან მივხვდი, თუ რა ლამაზად შემოგიყვანა მამამ ჩვენს ცხოვრებაში. მას პატარები სასაფლაოზე დავყავდით, სასაფლაო კი სათამაშო ადგილად მიგვაჩნდა რატომღაც, უფროსები შესანდობარს სვამდნენ, ჩვენ ყურადღების გარეშე ვრჩებოდით და ყირამალას გადავდიოდით. აი, წამოსვლისას კი, მახსოვს მამის თხოვნით: „დედიკოს აკოცეთ“, საფლავის ცივ ქვაზე გამოხატულ ლამაზი ქალის სურათს ვეამბორებოდით გაუაზრებლად, სახლში ვბრუნდებოდით და გამზრდელ დედას „დედიკოს“ ძახილით ვეგებებოდით.

ერთხელაც, მამის გარდაცვალების შემდეგ ბაბუამ ჩვენი დაბადებისა და თქვენი სიყვარულის  ისტორია რომ მოგვიყვა, გვეგონა, რომ ლამაზ ზღაპარს გვიამბობდა...

დაკრძალვის დღეს, სამშობიაროში ჩაწერილი ჩვენი, სამი ტყუპის ტირილის ხმა გაცილებდა. მაშინ, ალბათ გაუაზრებლად ვტიროდით დედა.

მე ახლა მინდა დაგიტირო და მადლობა გითხრა იმ სიცოცხლისათვის, რომელიც წილად შენგან მერგო.


.