გემახსოვრებათ, ქართული ჟურნალისტიკის გზის პირველ-გამკვლევთა ინტერესი სამზარეულოს სიბრძნით დამთავრდა - რუსთველიდან და ბესიკიდან კნეინა ჯორჯაძესთან აღმოვჩნდით; "ვეფხისტყაოსნის" უნაზესი აკვნესებიდან საქართველო კერესელიძის "ცისკრის" რედაქციამდის მივიდა, სადაც გულმოდგინედ სწავლობდნენ კომბოსტოს დამჟავებასა და ბოზბაშის კეთებას. შემდეგ იყო რევოლუციის ილუზია, თერგდალეულთა პოეზია, კეთილშობილი გაქანება მოქალაქეობრივ მოტივებში; პოეზიის კასტრაცია ბანკობიითა და აპელაციებით, სამაგიეროდ კრილოვის იგავ-არაკებით გარ-თობა და "სულიკოს" იდეით დაძინება.
       ბარაბანითა და მუზიკით კვდებოდა საქართველო, "რა კარგი გამოგონებაა სასაფლაო" - ამბობდა დამტვრეული რუსულით ბარათაშვილი, ორბელიანი კი სადღეგრძელოებში და ლოპიანას მუხამბაზებში იკლავდა პატრიოტულ ჟინს. სამაგიეროდ, ცეცხლი ეკიდებოდა "ივერიას", ისე გამოიარა დარჩენილი საუკუნე და გადავიდა მომდევნოში. დაბერდა ილია მესაძირკვლე და სულისდგმა "ივერიისა"... პროპელერებმა დააფრთხო ზეცის იდუმალება, სივრცე აცახცახდა რადიოს ტოკვით, ცხენმა საჭიროება დაკარგა და მანქანების ქარიშხალმა გაანიავა წარსული. აი, მოვიდნენ "ვაჟკაცები" სასტიკი ქარიშხლით და მოერიენ კეთილშობილ მოხუცს, რომელიც ბრუნდებოდა სახლში. აი, ვაჟკაცობა! ტაში ამხანაგებო!
    ილიას "ივერიიდან" ამ გაქანებულმა დრომ გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში მიგვიყვანა, თავზარს რომ სცემდა მისი გესლიანი კალამი ყველას და ყველაფერს. "კომუნისტის" ფოლადის კალამი ბელადების ქება-დიდებითა და მათზე შეთხზული ნეკროლოგების მაღალფარდოვანებაში გამოიწრთო, თითქმის მთელი ქვეყანა რომ აწერდა ხელს ამ ტექსტებს. თავისთავად, ყველა ხელმომწერი ავტორი იყო ნეკროლოგის და პარადოქსმაც არ დააყოვნა: ნეკროლოგში სიტყვები რომ დაგეთვალა ცალკე და ავტორთა გვარები ცალკე, თანაფარდობა დაახლოებით ასეთი იქნებოდა - ერთ სიტყვაზე სამი-ოთხი ავტორი მოდიოდა...
    ჩვენ ჩამოვედით აქ, სექს-ენ-ენებისა და თაიმსების ქვეყანაში, და ჩამოვიტანეთ ის პირვანდელი ჟურნალისტური გატაცება, ის პათოსი, ილიასეულ "ივერიას" რომ ჰქონდა, ის სიმტკიცე, რაც "კომუნისტს" ჰქონდა, ის მრავალფეროვნება, რაც ჩვენ შევქმენით... არსებობის დღიდან გაზეთმა "მამულმა" ამ უკიდეგანო სივრცეში დაგვაკავშირა ერთმანეთთან და რაც მთავარია, უხილავი ძაფით მიგვაბა ჩვენს სამშობლოსთან...
     პირუთვნელად ვაშუქებთ საქართველოდან ჩამოსულ ამბებს, მძიმეს, მაგრამ მართალს, სხვა განზომილებიდან ვაფასებთ მოვლენებს, ისაა, რომ ღრმა ნოსტალგიას თეთრ სასტამბო ფურცლებში ვაქსოვთ...
    მინდა ხმამაღლად განვაცხადო!... ვერც ერთი გაზეთის რედაქცია დაიკვეხნის მკითხველთა სიყვარულს ისე, როგორც "მამულის" მკითხველებმა იციან...
    - "მამულის" მკითხველია, კონვერტში შეკვრა საფოსტო მარკა რომ ჩაგვიდო, წაგეხიდებათო...
    - "მამულის" მკითხველია ჭეშმარიტად ქართული ჭაღარა, 82 წლის ბებია, რომელმაც გაზეთის ერთი ნომრის გამოცემა დააფინანსა ინკოგნიტოდ...
   - ალბათ, მართლა ძლიერ უნდა გიყვარდეს შენი გაზეთი, შეყვარებულივით საიუბილეოდ ყვავილების ლამაზი თაიგული რომ გაუგზავნო...
    - არ მინდა დამავიწყდეს, რომ "მამულის" მკითხველია ქალბატონი ნათელა ცხვედიანიც, ლექსის ეს სტრიქონები რომ მოგვიძღვნა:

     
   
     
          "ორი წლის არის ჩვენი "მამული", -
სამშობლო ქვეყნის პატარა ყლორტი,
ამერიკაში ფეხი აიდგა
და დატანტალებს შტატებში ფოსტით.
სად არა ნახავთ, სად არ შეხვდებით,
ყველა ქართველის მეგობარია,
ფრთხილად ეხება ჩვენს სულის სიმებს,
ხან მწარედ, ხან ტკბილ-მოუბარია.
ხან ცრემლებს გვადენს, ხან კი გვაცინებს,
გვიყვება ამბებს - ძველსა თუ ახალს,
გვაიმედებს და თან გვანუგეშებს,
გვიძღვნის სიხარულს, სიყვარულს მრავალს."
     
     სიტყვა გამიგრძელდა, თორემ უამრავი რამის გახსენება შეიძლებოდა... ვეცდები დასასრულისკენ წავიყვანო ეს სიტყვა...
         ჩემო ძვირფასო მკითხველო... უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ უკვე მესამე წელია სიხარულით უღებთ თქვენი სახლისა თუ გულის კარს გაზეთ "მამულს", სიტყვა გამოუტოვებლად კითხულობთ მის ყოველ წერილს, და გულში იკრავთ.
         თქვენს სიყვარულზე პასუხგაცემის ერთ პატარა მცდელობად ჩათვალეთ ეს ვებ-გვერდიც, რომელსაც უკვე დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში წაიკითხავენ აგრერიგად მიმობნეული ქართველები.
 

 

 


 


.